პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია ბათუმის ოფისს ტოვებს
პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია ბათუმის ოფისს ტოვებს

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია ბათუმში დაკავებულ ოფისს გაათავისუფლებს.

ამის მიზეზი ფართის მფლობელის, ლაშა ახალაიას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ აღარ სურს, მიაქირაოს ფართი ამ პარტიას, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო კავშირის გამო.

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ ფართის მფლობელზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა, რის შემდეგაც მათ შენობის დატოვება მოსთხოვა.

„გუშინ დილით ამ ადამიანთან კომუნიკაცია გვქონდა. ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი პარტიისადმი. ფაქტია, დღეს რაღაც შეიცვალა, ეს ადამიანი სახელისუფლებო მედიაში გამოიყენეს, წააკითხეს დაწერილი ტექსტი და მიზეზად მოიყვანეს ის სისულელე, რისი საზოგადოებისთვის მიწოდებაც ამ დღეების განმავლობაში ამავე ტელევიზიით ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ადამიანი წნეხის ქვეშაა. ვითვალისწინებთ მის ძალიან რთულ სიტუაციას, გადავწყვიტეთ, დავტოვოთ ოფისი“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.