ირაკლი მეზურნიშვილი - ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა
ირაკლი მეზურნიშვილი - ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა

სკეპტიკოსების, ჩასაფრებულების და რევანშისტების საყურადღებოდ – ცხადია, ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ის, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხებული იყო, დასავლელი მეგობრების გამოხმაურებებიდანაც კარგად ჩანს.

„ეს ნათლად გამოჩნდა ჩვენი დასავლელი მეგობრების გამოხმაურებებშიც, იქნება ეს – აშშ-ს საელჩოს განცხადება, გაერო-ს გენერალური მდივნის გამოხმაურება, ეუთო-ს თავმჯდომარის შეფასება. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელი შევუწყოთ ვითარების დეესკალაციასა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. დღესაც და მომავალშიც, ვრჩებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – წერს მეზურნიშვილი.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.