ირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, მუქარის წერილი მომენტალურად მიეტანა პროკურატურაში
ირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, მუქარის წერილი მომენტალურად მიეტანა პროკურატურაში

რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი, მუქარის წერილი მომენტალურად მიგეტანათ პროკურატურაში, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს.

ირაკლი მეზურნიშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა, რომ ბანკზე კიბერშეტევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მუქარის შემცველი წერილის მიღების შესახებ მხოლოდ დღეს თქვა. წერილთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც ჰკითხა, კერძოდ, მდინარაძე დაინტერესდა წერილის შინაარსითა და დროით.

„საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე, არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა, მე ვუთხარი, ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი. არავინ, არათუ დაინტერესდა და საქმე აღძრა, 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს. ამიტომ კითხვაზე, განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს, თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს. რატომ არის ამოგდებულად 17 მილიონის თემა და მთლიანი სურათი რატომ არ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა, რომ გაერკვეს სიმართლეში.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ გპირდებით, რომ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაცა ორგანო შექმნილი, რომელიც ამის რეაგირებისა და გამოძიების საშუალებას მომცემს. რახან ვთქვი მაღალი ტრიბუნიდან, სერიოზული პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გიმეორებთ, რომ გავასაჯაროებ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.