ირაკლი მაისურაძის მორიგი გამარჯვება და ოქროს მედალი მინსკში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე
ირაკლი მაისურაძის მორიგი გამარჯვება და ოქროს მედალი მინსკში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის დასკვნით, მეშვიდე ეტაპზე გამოსვლის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში საერთაშორისო ტურნირი „Ice Star 2018“ გაიმართა, რომლის ერთეულთა კატეგორიაში გამოდიოდნენ ქართველი მოციგურავეები ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე.

ირაკლისა და ალინასათვის მინსკის ტურნირი მორიგი სერიოზული საერთაშორისო სტარტი იყო სომხეთის ეტაპის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 დღიანი ინტერვალი აშორებდა ქართველ მოციგურავეებს ახალ სტარტს, ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე ფიზიკურად და მორალურად მაქსიმალურად მომზადებულები და გამარჯვებისათვსის განწყობილები გაემგზავრნენ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა და იუნიორთა კატეგორიაში სულ მონაწილეობდა 16 ქვეყნის 102 მოციგურავე.

10 ქვეყნის 15 მოციგურავე ვაჟს შორის იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ და წარმოადგინა თავისი მოკლე და თავისუფალი პროგრამები. მაღალი კონკურენციის პირობებში მან 209, 14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც სეზონის დასაწყისისათვის წარმატებული შედეგი და
სერიოზული განაცხადია მომავალ ტურნირების წინ მისი ცნობადობის გაზრდისა და კონკურენტუნარიანი რეიტინგისათვის.

ასევე, საკმაოდ დამაჯერებლად და მიზანსწრაფულად გამოვიდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც, რომელიც ასპარეზობდა 11 ქვეყნის 22 მონაწილეს შორის. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამურმა მაჩვენებელმა 139, 12 მხოლოდ 1,4 ქულით დააშორა იგი ბრინჯაოს მედალს. ნიშანდობლივია, რომ ალინამ თავისუფალ პროგრამაში მესამე ადგილი დაიმსახურა , რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ელემენტთა ტექნიკური მონაცემებითა და პროგრამის კომპონენტური შემადგენლობით იგი მზად არის მომავალ ტურნირებზე კონკურენტული ასპარეზობისათვის.

წყარო – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია