გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას სენაკში დაკრძალავენ
გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას სენაკში დაკრძალავენ

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას კვირას, 17 მარტს, სენაკში დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ცხედარს სახეზე რაიმე დაზიანება არ ეტყობა.

„დიდი ხანია, ირაკლი კვარაცხელიასთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ  ახლობელთან იყო მისული, რომლსაც უთხრა, რომ მონასტერში ცხოვრობდა. ამის შემდეგ დაიკარგა კვალი და არაფერი არ ვიცოდით. სრულიად შემთხვევით ტელევიზიით გავიგეთ, რომ მოხდა ეს ტრაგედია. მონასტერშიც ცოტა ხანი იყო, თუმცა არ ვიცი, რომელ მონასტერში. ცხედრის ამოცნობის პროცესს ვესწრებოდი, უნდა მენახა იყო თუ არა ნამდვილად ირაკლი კვარაცხელია და სახეზე მას რაიმე დაზიანებები არ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიას ბიცოლამ ია კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელია გალში გარდაიცვალა. მისი ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.