ირაკლი კობახიძე - ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შეთანხმდა
ირაკლი კობახიძე - ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შეთანხმდა

ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს, დღესვე რომ გავიმეოროთ კენჭისყრა, დაახლოებით 17:00 საათისთვის, ბიუროს მიერ კიდევ ერთხელ უნდა დაინიცირდეს ეს საკითხი და უნდა დავაყენო კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე, ამ საკითხს კიდევ ერთხელ ვუყაროთ კენჭი? მიღებულია გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ.

უმრავლესობის წევრები ფაქტს, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ​გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა, ტექნიკურ პრობლემას უკავშირებენ.