ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, კეთილი ინებონ და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ, მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად რეაქციის გარეშე დატოვონ პროვოკაციები
ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, კეთილი ინებონ და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ, მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად რეაქციის გარეშე დატოვონ პროვოკაციები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დმანისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავება სამართალდამცავი ორგანოების საქმეა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, თუმცა კადრებში კარგად ჩანს კიდევ ერთი მონაწილე“.

„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. არ არის საინტერესო ჩემთვის, თქვენ იდარდეთ დღევანდელ ბინძურ პროვოკაციაზე, რომელიც თქვენმა პარტიულმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ განახორციელა. ამაზე იდარდეთ და დმანისთან დაკავშირებითაც, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა თავისი პრობლემები, ასეთი მეთოდებით გამოიწვიეს ზუსტად, რა თქმა უნდა, გამართლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს იმას, რაც მოხდა დმანისში, მაგრამ როცა ასეთ ბინძურ პროვოკაციებს აწყობ და შემდეგ კითხვებს სვამ ამასთან დაკავშირებით, თავისთავად ეს არის სიბინძურის გავრცელება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოუწოდებს ყველას, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ, ასევე, მიმართავს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, პროვოკაციები უპასუხოდ დატოვონ.

„ყველას მოვუწოდებ, ერთი, რომ კეთილი ინებონ და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ, მეორე – ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად რეაქციის გარეშე დატოვონ ასეთი პროვოკაციები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, 21 სექტემბერს დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა.

დატოვე კომენტარი