ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხი მორიგი შემთხვევაა, როდესაც  პრეზიდენტის ნაბიჯი ყველამ უარყოფითად შეაფასა
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხი მორიგი შემთხვევაა, როდესაც  პრეზიდენტის ნაბიჯი ყველამ უარყოფითად შეაფასა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არ დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრაქტიკულად, მისი მხრიდან იმის გაცხადებაა, რომ ელოდება, როდის მიიწურება მისი უფლებამოსილების ვადა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ნაბიჯი ყველამ უარყოფითად შეაფასა.

„აქედან გამომდინარე, სურათი არის ნათელი, ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. რაც შეეხება, ჩვენს პოზიციას, არაერთგზის ვთქვით, დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და ამის შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას  დამტკიცებაზე. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა. პრაქტიკულად, პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს და ელოდება, როდის მიიწურება მისი უფლებამოსილების ვადა. ალბათ, მისი ნაბიჯი ამას ნიშნავდა“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.