ირაკლი კობახიძე - თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის და უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს , რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო
თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და „დიფ სთეითმა“, იმავე გლობალურმა ომის პარტიამაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის და მას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი არ უნდა დაეშვა“.
როგორც კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, უკრაინაში დამანგრეველი ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
„უკრაინაში ომის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდა, უკვე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ნებისმიერი ომის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ე.წ. დიფ სთეითმა, იმავე გლობალურმა ომის პარტიამაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება უკრაინაში შეიძლებოდა, თუმცა არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.