ირაკლი კობახიძე - სპეკულაციებია, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება, წარმომადგენელი იყოს მოლაპარაკებებზე
ირაკლი კობახიძე - სპეკულაციებია, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება, წარმომადგენელი იყოს მოლაპარაკებებზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სპეკულაციებია, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება, წარმომადგენელი იყოს მოლაპარაკებებზე.

კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების პროცესში პარტიას ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს.

„ვინ უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებებზე ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს იყო წარმოდგენილი მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ – მთელი ბლოკი შეხვედრაზე ბატონ დანიელსონთან. დანარჩენი არის ყველაფერი სპეკულაციები. სპეკულაციებია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობაში მყოფი პირი შეიძლება, იყოს წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე. ამაზე საუბარი, ბუნებრივია, ზედმეტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებითაც და საკითხი ამ თემაზე, ბუნებრივია, არ დასმულა. ყველასთვის ნათელია ის, რომ პირი თუ იმყოფება პატიმრობაში, მისი დიალოგში ჩართვა ვერ იქნება ლოგიკური“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, კობახიძემ კომენტარი გააკეთა გიორგი რურუას საქმეზე და ოპოზიციის განცხადებაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება მის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმება არ გულისხმობდა ვინმეს გათავისუფლებას.

„პატიმრის გათავისუფლება არის სამართლებრივი საკითხი, ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება პატიმრების გათავისუფლება, ვერც საპატიმროში შეყვანა და ვერც საპატიმროდან გამოყვანა. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.