ირაკლი კობახიძე - საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი პოლიტიკა, გვაქვს წითელი ხაზები, მათ შორის მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, რომელიც მთავარი ეროვნული პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი პოლიტიკა, გვაქვს წითელი ხაზები, მათ შორის მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, რომელიც მთავარი ეროვნული პრიორიტეტია

სიახლე თუ გვექნება რაიმე მიმართულებით, ყველაფერზე გაიგებთ ჩვენგან. ჩვენი პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადების შესახებ, სადაც ის ამბობს: „უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოუგვარებელი არ დავუტოვოთ შვილებსა და შვილიშვილებს“.

„ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკა, რომელიც გვაქვს და ეს ყველასთვის ცნობილია. რაიმე მიმართულებით სიახლე თუ გვექნება, ყველაფერზე გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა.

„ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა, ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით და ვერც ისაუბრებდა, რადგან მმართველ გუნდს არ წარმოადგენს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ რა პოლიტიკა და პოზიციაც გვაქვს, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, მათ შორის მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. ჩვენთვის მთავარი ეროვნული პრიორიტეტი არის ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაცია, ამისთვის თუ რაიმე იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.