სერგეი შამბა - უნდა ვეძიოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოუგვარებელი არ დავუტოვოთ შვილებსა და შვილიშვილებს
სერგეი შამბა - უნდა ვეძიოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოუგვარებელი არ დავუტოვოთ შვილებსა და შვილიშვილებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი. მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი თანაარსებობის გზების ძიება. ამის შესახებ შამბამ ონლაინდისკუსიის დროს განაცხადა.

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ბევრს აფხაზურ საზოგადოებაში ჩემი პოზიცია არ მოსწონს, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, მაშინ, პირველ რიგში, საჭიროა საუბარი. არ არსებობენ ხალხები, მეზობელი, ახლობელი და მონათესავეც კი, რომლებსაც ერთმანეთში არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, – განაცხადა შამბამ.

ამასთან, მისი თქმით, „როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეს ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულად არის განწყობილი“.

„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის. ძალიან ბევრი დრო გავიდა ომის შემდეგ, უკვე 30 წელი, შეიძლებოდა, უკვე რამე მოძრაობის დაწყება ურთიერთგაგების მიმართულებით, თუმცა ეს ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასაწყებად, რომ პრობლემა რამენაირად მკვდარი წერტილიდან დაიძრას. მე ახლაც ამას ვემხრობი. უნდა ვეძიოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომ მოუგვარებელი არ დავუტოვოთ შვილებს და შვილიშვილებს ეს კონფლიქტი, ამიტომ საჭიროა საუბარი. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირის სხვადასხვა არხის ამოქმედება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბევრს არ მოსწონს. ჩვენ ხალხებს შორის ასებობს კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და, განსაკუთრებით, ომით. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს კონფლიქტი, საჭიროა საუბარი, ურთიერთგაგებისა და მომავალი თანაარსებობის გზების ძიება“, – განაცხადა შამბამ.