ირაკლი კობახიძე - საუბარი გვაქვს საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, შანტაჟის ინსტრუმენტებად სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები გამოიყენება
ირაკლი კობახიძე - საუბარი გვაქვს საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, შანტაჟის ინსტრუმენტებად სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები გამოიყენება

საუბარი გვაქვს საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, შანტაჟის ინსტრუმენტებად სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები გამოიყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის მთავრობის დამოკიდებულება.

„გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმავდროულად, გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ გვინდა, განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

რეალურად, ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომლებიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში. მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც მოჰყვა გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი, რაც არ გაჩერებულა დღემდე. ეს პროცესი გრძელდება მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, ხელისუფლება არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას, რა თქმა უნდა, კავშირი აქვს კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას. დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ომის დასრულებამდე ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ეს არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროკავშირში.

ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთგული ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ, ხმამაღლა ვიმეორებ დღესაც, მაგრამ რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს – ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, უკვე კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით დაგიდასტურეთ ეს ყველაფერი; და მეორე, ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0.2 პროცენტს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ აქაც საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის, სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, მაგალითად, იმისათვის, რომ ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ ახალგაზრდებში. აქ საუბარია მხოლოდ საბიუჯეტო გრანტებზე და არა დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები, შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც დღემდე გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება – ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ოთხი წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.