ირაკლი კობახიძე - საქართველოს მკაფიო საგარეო ხედვა აქვს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე და სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული 
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მკაფიო საგარეო ხედვა აქვს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე და სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული 

საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა, რაც აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტი ასახულია საკონსტიტუციო დონეზეც.

„ახლა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა გვაქვს, რომელიც აცხადებს, რომ სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ახლა ასახულია მთავარ კანონში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი.

„ეს სურვილი დამტკიცებულია საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევით და საარჩევნო შედეგებით. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა გაძლიერებულია. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მუდმივი ძალისხმევით, ძლიერი მუშაობით დასავლური ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ახალი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექტსში აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ამ კომპლექსურ გარემოში გადარჩენა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობასა და მათ მეგობრულ განწყობას საქართველოს მიმართ. მტკიცედ მივისწრაფვით ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაძლიერებისკენ. კარგი თანამშრომლობა გვაქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რაც ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი მეგობრები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კონგრესში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ჩვენი მისამართით მხარდაჭერაა გამოთქმული აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სხვა აქტებშიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.