საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგის სასამართლოში, ამ თემაზე მინისტრების პარლამენტში დაბარების საჭიროებას კი ვერ ხედავს.
„ჰააგის საქმეზე გვქონდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საკითხში. მინისტრების დაბარების საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარ ტექნოლოგების მიერ. ბუნებრივია, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება, სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც ჩვენ საერთო ეროვნულ ინტერესს უკავშირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენ საერთო ეროვნულ ინტერესთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მოითხოვა.