გიგა ბოკერია პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას ითხოვს
გიგა ბოკერია პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას ითხოვს

თეა წულუკიანი და დავით ზალკალიანი ისტერიკის გარეშე მოიყვანეთ კომიტეტზე, სადაც თავისუფლად შეიძლება საუბარი ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, ისეთ საკითხებზე, რაც დახურული არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ბოკერია ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას ითხოვს.

„თქვენი ისტერიკა ადასტურებს, რომ არა გაქვთ არგუმენტები. თუ ასეა საქმე, რომ ყველაფერი გააკეთეთ, პრობლემა არ არის. სისხლის სამართლის სასამართლოზე დავის შეწყვეტაზე ლაპარაკი არ არის. ან არ გესმით, ან მოსმენა არ გინდათ, აქ „აი-სი-ჯეი“-ზეა ლაპარაკი, სადაც სასამართლომ უკვე წლებია გვითხრა, რომ დიალოგი აწარმოეთ ამ სპეციფიკურ საკითხზე და მერე დაგვიბრუნდითო. საქართველომ ეს ნაბიჯები არ გადადგა.

ახლა ICC-ის რაც შეეხება, იქაც დიდი ხანია ეს შიშები საზოგადოებას აქვს. ჩვენ კი არა, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებას. საიდან აქვს იცით? თქვენი პოლიტიკური პოზიციებიდან, წულუკიანის და სხვების. როცა ხელმძღვანელ პირს აქვს განწყობა, რომ მისი სამშობლო მიაჩნია დამნაშავედ, ეს ეჭვები ბუნებრივია. გინდათ რომ გაუფანტოთ ეს ეჭვები საზოგადოებას, შეგიძლიათ? მოიყვანეთ კომიტეტზე ისტერიკის გარეშე და იქ თავისუფლად შეიძლება საუბარი ისეთ რაღაცებზე, რაც დახურული არ არის. მაგალითად ვინ არიან ლიცენზირებული ადვოკატები საქართველოს მხრიდან სიაში, რაც ღია ინფორმაციაა. თუ ძლიერი გაქვთ პოზიციები, რა ისტერიკაში ვარდებით საკომიტეტო მოსმენაზე?!“,- განაცხადა გიგა ბოკერია.