ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი და ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე ნაადრევია
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი და ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე ნაადრევია

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე ნაადრევია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიები ჯერ საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ.

„არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კოალიცია. ჯერ ისიც არ ვიცით, რომელიც პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, შეიძლება, ახალი პარტიები შეიქმნას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ამის საფუძველზე გაირკვევა, ვინ ვისთან შეიძლება კოალიციაში შევიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ამ თემის წამოწევა ხელოვნურია.

„რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ კოალიციის შექმნას პრორუსულ პარტიებთან აპირებენ და მინდა, მათ „წარმატება“ ვუსურვო. ამ თემის წამოწევა ხელოვნურია, პრობლემა აქვს კონკრეტულ პარტიებს, მათ უნდათ, დღის წესრიგი შექმნან, თვითონ იტივტივონ მედია სივრცეში და ამას ემსახურება სპეკუალაციური საუბრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 13 სექტემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.