ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში და ამ კლოუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში და ამ კლოუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს

სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში.

„სააკაშვილის ეს საქციელი ემსახურება შემდეგს – მე მგონი თავადაც არ არის ამ დონეზე სულელი, რომ ეგონოს, ამით თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენ მხარდამჭერებს. არ მგონია, ეს იყოს მისი გათვლა, მას უფრო აწუხებს შიდა პარტიული ამბები, მას უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25-პროცენტიანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს 2 ოქტომბრის არჩევნებში.

ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირება და მიდის ბრძოლა, ვინ მიიწერს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება მიიღოს პარტიამ. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, შეიძლება ეს ცუდიც არის. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით. ეს არის კლოუნადის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.