ირაკლი კობახიძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ეს პარტიული ორგანიზაცია, დღეს ცდილობს, სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს

18:31, 26.09.2026

იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა დღეს ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.

„იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან. ყველამ კარგად იცის, რა საქმეზეა საუბარი – იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. არაფერს აღარ ვამბობ კონკრეტულ ფუფუნების საგნებზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დასვენებაზე, სხვადასხვა კურორტზე ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს დღევანდელ დღეს, რა ჯანსაღი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას. დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმიდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

მსგავსი