„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრების სიაში იქნება შეყვანილი
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2026 წლის ივლისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის მასალები გადასცა (ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“).
„ჩვენ არ შეგვისწავლია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმეები, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები დარღვეულად არ მიიჩნია.
ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმიდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.