ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს არ უყვარს დისკუსია და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს არ უყვარს დისკუსია და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის

პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დებატების ფორმატი პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი პროცედურაა, რომლის განხილვას ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ესწრებოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ანა ნაცვლიშვილს პროცედურასთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია.

„სამწუხარო ნიშანი გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობისა იყო ე.წ. კინკლაობა. ეს ტერმინი სამწუხაროდ ხშირად გამოიყენებოდა ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები ნიუანსებს, რომელიც დაკავშირებული იყო პრეზიდენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლასთან. ჩვენ გვაქვს რეგლამენტით გაწერილი პროცედურა დებატებისა. ეს პროცედურა განვიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე. ასევე დავაზუსტებ, რომ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მას არც ერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს არის დამატებითი არგუმენტი, ჩვენ ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, დებატები, საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც მან არა ერთხელ დაადასტურა და დღესაც, კიდევ ერთხელ ამის გამოვლინება ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.