ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსად არ ჩათვალა, განემარტა შეწყალების მიზეზები, ამ დროს გაირკვა, რომ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსად არ ჩათვალა, განემარტა შეწყალების მიზეზები, ამ დროს გაირკვა, რომ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია

პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა ნიკა გვარამიას შეწყალების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებდა, ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით“.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი.

„თავისთავად, ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების ეს განცხადებაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ, საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის კარნახით, ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და, სამწუხაროდ, შეასრულა ვალდებულებები.

„პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ. პირდაპირ გააკეთა ეს და მან შეასრულა დავალება. თქვენ ნახეთ მისი გამომეტყველება და მისი ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი, რადგან პირდაპირ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და, სამწუხაროდ, შეასრულა ვალდებულებები“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი, ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას.

„მას თავის დროზე მხარი დაუჭირეს ადამიანებმა იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯები არ გადაედგა; არ გადაედგა ნაბიჯები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და ის, პირველ რიგში, დაუპირისპირდა სწორედ იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას დაუჭირა მხარი. თორემ მას მანამდეც არ უჭერდნენ მხარს ადამიანები, რომლებიც ემხრობოდნენ გვარამიას შეფასებებს მის მიმართ, რომელიც „რეზიდენტს“ ეძახდა პირდაპირ სალომე ზურაბიშვილს. მან საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. ამაზე საზოგადოება აკეთებს შესაბამის შეფასებებს, მაგრამ ჩვენც ვართ ვალდებულნი, სათანადოდ შევაფასოთ პრეზიდენტის შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისკენ. ამას ის ვერ შეძლებს და ვერც მისი პატრონები ვერ შეძლებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი, ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას.

რაც შეეხება გვარამიას, საინტერესო არ არის, პოლიტიკაში იქნება თუ არ იქნება გვარამია, ის შეუწყობს ხელს პოლარიზაციას, თუმცა წარმატებული ვერ იქნება მისი მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.