ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე

პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. მარგველაშვილის თქმით, „წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

„პირველ ჯერზე ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ამაში კომიკური არაფერი არ არის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე ასეთი არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე გამომდინარე იქიდან, რომ მთავარია სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დაასახელებს თუ არა მარგველაშვილი თავის კანდიდატურას, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. არც ის -ელოდება თუ არა ჩვენ მიერ კანდიდატურის დასახელებას, ესეც არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვიცით, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ესეც არ არის პრინციპული. გვაქვს 50-პროცენტიანი მხარდაჭერა, შესაბამისად, აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს პირველ ტურში იქნება თუ მეორეში. შესაბამისად, ჩვენთვის არავითარი ინტერესის საგანი არ არის, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ უმრავლესობის ფორმატებში იმსჯელებენ და სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე გასაჯაროვდება პარტიის პოზიცია.

კითხვაზე განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, კობახიძე აცხადებს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

„განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. არაერთი კანდიდატიი ყო ნახსენები, მათ შორის პარტიულიც და არაპარტიულიც, თუმცა უნდა დაველოდოთ და დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.