ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ანგარიშვალდებული ორგანოების დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა, დარწმუნებული ვარ, არც თამარ ჟვანიას ექნება პრობლემა
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ანგარიშვალდებული ორგანოების დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა, დარწმუნებული ვარ, არც თამარ ჟვანიას ექნება პრობლემა

პარლამენტში ანგარიშვალდებული ორგანოების დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოცხადდებიან თანამდებობის პირები და დარწმუნებული ვარ, არც ცესკო-ს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფრაქციების მხრიდან დაბარების შემთხვევაში, პლენარულ სხდომაზე გამოცხადდებიან თანამდებობის ის პირები, ვისი დაბარებაც მოხდება.

„რაც შეეხება არჩევნებს, ხედავდით, რომ წარიმართებოდა აბსოლუტურად სწორ, სამართლიან, მშვიდ გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს გუშინდელი თუ გუშინწინდელი დღიდან ვითარების ესკალაცია. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს საბაბიც მისცეს მსგავსი აგრესიის გამოსავლენად. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ. შეინარჩუნონ სიმშვიდე და პასუხისმგებლობა აიღონ, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ინტერპელაციის წესით პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას იბარებენ. ამასთან, „ევროპულ საქართველოში“ აღნიშნეს, რომ მათ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დაბარება სურთ.