„პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა იურიდიულად უფრო სწორია“
„პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა  იურიდიულად უფრო სწორია“

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა იურიდიულად უფრო სწორია.

პირველმა არხმა ირაკლი კობახიძეს იმის დაკონკრეტება სთხოვა, რას გულისხმობდა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის სწორი არ არის.

„საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში რამდენიმე დამატებითი საკითხი დაისვა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აკადემიურ წრეებთან იყო განხილული, სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი იყო. რაც შეეხება ცვლილებების დამატებას, ბუნებრივია, ამაზე პარლამენტში პრინციპული პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. გუშინ მხოლოდ განხილვა შედგა და ელემენტარულ განხილვას აბსოლუტურად არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა, რაც არასწორია. განხილვა შედგება. გადასაწყვეტია, თუ რა ტიპის ცვლილებები შევა კონსტიტუციაში. როცა ეს საკითხი კომისიაში დაისვა, ეს მოდელი მარტივი მიზეზების გამო უარყოფითად შევაფასე. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ადმინისტრაციული დონის არჩევნებია. შესაბამისად, პრინციპულად მაინც და მაინც სწორი არ არის ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის“, – აღნიშნავს სპიკერი.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ზედმეტად პოლიტიზირებული იყო, რასაც ხელს ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი და სხვა სუბიექტები უწყობდნენ.

„მაშინ მოგეხსენებათ, ასეთი კონტექსტი იყო – ვადებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყო, როდის უნდა შემდგარიყო პირველი არაპირდაპირი არჩევნები. გარდა ამისა, თუ ყველა შემთხვევაში შერეული სისტემა რჩებოდა, გამოდიოდა ისე, რომ არაპირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ იქნებოდა. ეს კონტექსტი შეცვლილია. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვაგვარი განხილვა შედგეს. პარლამენტი 2024 წელს პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. ამის შემდეგ პრეზიდენტის არაპირიდპირი წესით არჩევა მოხდება. შესაბამისად, ახალი კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება ზოგადად დაიწყოს მსჯელობა სხვა ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა გუშინ მხოლოდ და მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, რასაც ამხელა სპეკულაციები და არასწორი შეფასებები მოჰყვა. პოლიტიკურ კონტექსტს და იურიდულ მხარეს გავითვალისწინებთ. დილემა ასეთია – შეგვიძლია, ერთი ვარიანტის განხილვა. იმისათვის, რომ სპეკულაციებს, არაჯანსაღ განცხადებებს მოვერიდოთ, ამ შემთხვევაში იმ მოდელს დავტოვებთ, რომელიც ჩამოყალიბებულია. იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. სამწუხაროდ, პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო, ამას ხელს უწყობდნენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი და სხვა სუბიექტები. სამწუხაროდ, ამ პირობებში იურისპრუდენცია დაზარალდა. პოლიტიკა იურისპრუდენცია ხშირად აზარალებს. ეს პროცედურაც პოლიტიკური პროცესის მსხვერპლია. ეს დოკუმენტი განიხილება პოლიტიკური კონტექსტისგან შედარებით დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, უფრო ცივ გონებაზე შევჯერდებით პროცედურასთან დაკავშირებით. კოლეგიასა და პარლამენტის ვარიანტს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩევა მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. კოლეგიის მიერ არჩევას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს“, – დასძინა კობახიძემ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. მათ შორის 150 პარლამენტის წევრია, ხოლო დანარჩენი 150 თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს.