ირაკლი კობახიძე - ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ
ირაკლი კობახიძე - ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე განაცხადა.

ISFED-ი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

„ვერ გეტყვით აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას, მაშინ შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს წარმოდგენილი. ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს „აიდი“ ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.