ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ არიან მარგინალები, მათი გამოსწორება შეუძლებელია
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ არიან მარგინალები, მათი გამოსწორება შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ის, რომ კოალიციის შექმნის შანსი ჩნდება.

„ერთ-ერთი მთავარი პლუსი პროპორციული სისტემის არის ის, რომ ამ დროს ჩნდება შანსი კოალიციის, შანსი ჩნდება იმის, რომ პარტიები ერთმანეთთან დათმობაზე, მოლაპარაკებებზე წავიდნენ და ასე შემდეგ.  ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი იმაზე, რომ არ ვაპირებდით „ნაცებთან“ და პრორუსულ ძალებთან კოალიციის შექმნას. „ნაციონალებმა“ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნიდნენ კოალიციას „ოცნებასთან“, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ნუ შევხედავთ, ესენი არიან მარგინალები, ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა, საზოგადოების სახელით არ ისაუბრონ, რადგან, როგორც განმარტა, მათ ამის უფლება არ აქვთ.

„არავის ვურჩევდი, რომ საზოგადოების სახელით ისაუბროს, მითუმეტეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს. გუშინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა აქ საოზგადოების სახელით. ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც თქვენ გამოგიცხადათ, რომ ხართ ბოროტება. გახსოვთ, 2018 წელს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი, თუ თქვენ თვლით, რომ „ნაცები“ არის ბოროტება – არა „ნაცებს“, არა ბოროტებას, მაშინ მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. და მილიონ 150 ათასმა ადამიანმა საქართველოში დააფიქსირა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ბოროტება. თქვენ, სწორედ თქვენ, საზოგადოების სახელით საუბრის უფლება ნამდვილად არ გაქვთ, რადგან თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.