ირაკლი კობახიძე - მრჩება შთაბეჭდილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელა
ირაკლი კობახიძე - მრჩება შთაბეჭდილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელა

მრჩება შთაბეჭდილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, შესაძლოა, ამის უკან გარკვეული გათვლებიც იყოს.

„იყო გარკვეული საუბრები, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისათვის“.

ეს ეჭვები გარკვეულწილად გაამყარა წარდგენილმა კანდიდატმა. ეს არის სუსტი კანდიდატი. რაში უნდა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს.