ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ნეტავ ყოფილიყო, სრულიად საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ნეტავ ყოფილიყო, სრულიად საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია

სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

„რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი – სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე – ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, მანამდეც, და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მესამე – ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში, სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის – პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია, თამამად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ამასთან, მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.