ირაკლი კობახიძე - მაღაროელების ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, ეს უმაღლეს დონეზე ყურადღების ქვეშ იქნება
ირაკლი კობახიძე - მაღაროელების ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, ეს უმაღლეს დონეზე ყურადღების ქვეშ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება მიიღწევა.

როგორც მან აღნიშნა, ჭიათურაში ჩავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება მაღალი წარმომადგენლობით ხელისუფლების წევრების ჩასვლა ჭიათურაში. იქნება რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენელი და შესაბამისად, ჩაერთვება ხელისუფლება ამ შემთხვევაში საქმეში. ამოცანა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ კონსენსუსს, შეთანხმების მიღწევას, კომპანიასა და მაღაროელებს შორის. იმედი მაქვს, რომ მოხერხდება შეთანხმება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მაღაროელების ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა შესრულდეს.

„არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა ფორმატში, იმასთან დაკავშირებით, რომ მაღაროელების ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა შესრულდეს და ეს იქნება უმაღლეს დონეზე ყურადღების ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.

ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, დახურულ ფორმატში მოუსმენენ.