ირაკლი კობახიძე - ლევან ვარშალომიძე სახმელეთო საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლაზე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას, ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს
ირაკლი კობახიძე - ლევან ვარშალომიძე სახმელეთო საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლაზე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას, ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა.

„გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც, მისი თქმით, ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში.

„რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება „ნაცმოძრაობა“ 19 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო – 4 პროცენტიან ნიშნულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს რვა საათიდან აპირებენ შეკრებას, რათა მხარდამჭერებთან ერთად მიადევნონ თვალი ცესკო-ში ოქმების შესვლის პროცესს.