„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს რვა საათიდან აპირებენ შეკრებას, რათა მხარდამჭერებთან ერთად მიადევნონ თვალი ცესკო-ში ოქმების შესვლის პროცესს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს რვა საათიდან აპირებენ შეკრებას, რათა მხარდამჭერებთან ერთად მიადევნონ თვალი ცესკო-ში ოქმების შესვლის პროცესს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს რვა საათიდან აპირებს შეკრებას.

მისივე თქმით, შეკრების მიზანი არის, მხარდამჭერებთან ერთად მიადევნონ თვალი, თუ როგორ შედის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები.

„მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 31-ში 12 საათიდან გეგმავს რუსთაველის გამზირზე შეკრებას და მრავალათასიანი აქციის გამართვას, რაც არის მტკნარი ტყუილი. „ქართულ ოცნებაში“ ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ ან შეგნებულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს ორივე ერთადაა.
ჩვენი სახელით მერიაში მართლაც არის შესული განაცხადი 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა 12 საათიდან, არამედ რვა საათის შემდეგ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები უკვე დაიხურება და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ, ვადევნოთ თვალი, თუ როგორ შედის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

რაც შეეხება 12 საათს, რომელიც მითითებულია ამ განცხადებაში, მიდის ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს ცხრა საათისთვის, რომელსაც სჭირდება დაახლოებით 6-7 საათი, სწორედ ამიტომ არის მითითებული 12 საათი ამ განაცხადში. ამიტომ, მოეშვით მუდმივად ამ ტყუილების ტირაჟირებას. გასაგებია, რომ ნერვიულობთ და სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, რადგან 31-ში თქვენ საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, შეეცდებიან, მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ პანდემიის გამო არსებული რეკომენდაციები.

„ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაცია. ეს იქნება ხალხის რაოდენობაზე დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, სტიკერები დავამაგროთ მთელ გამზირზე. მათ შორის იქნება საორგანიზაციო გუნდი, რომლებიც ხალხში შევლენ და მოითხოვენ, რომ დისტანცია იყოს დაცული“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, უდუმაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს პროვოკაციებზე საუბარი იმ ქალაქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე ტურში გარანტირებულად იმარჯვებს.

„დღეს მოვისმინეთ კონკრეტული ქალაქები, სადაც პროვოკაციებზე საუბრობენ. ეს კონკრეტული ქალაქებია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასი პროცენტით დარწმუნებულია პირველივე ტურში გამარჯვებაში. ეს არის ქალაქები, სადაც გარანტირებულად ვიგებთ. სხვა ქალაქები რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა გაგება, რომ ტყუილებში რაღაც ფიქრებში გაყვე, მაგრამ ეს ქალაქებია, სადაც 100 პროცენტით ვიგებთ. რაში უნდა გვჭირდებოდეს ეს. მე ასე მგონია, რომ ეს ის ქლაქებია, სადაც 100 პროცენტით მარცხდებიან და თავად გეგმავენ დესტაბილიზაციის შეტანას, სიტუციის არევას, რადგან პირწმინდად წაგებული აქვთ ეს ქალაქები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.