ირაკლი კობახიძე - კონცენტრირებული ვართ მუშაობაზე, რომ პროპორციული სისტემის პროექტი არ ჩავარდეს
ირაკლი კობახიძე - კონცენტრირებული ვართ მუშაობაზე, რომ პროპორციული სისტემის პროექტი არ ჩავარდეს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გრძელდება, რესურსი არის და ვეცდებით, ის შედეგი დადგეს, რომელიც უნდა დადგეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომლის კაბინეტშიც უმრავლესობის წევრებს შორის კონსულტაციები გაიმართა.

კობახიძის თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

„ამაზე დღის განმავლობაში მუშაობა გაგრძელდება. ხვალ გვექნება შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში. პარტიის თავმჯდომარე წაიყვანს სხდომას და იქაც შედგება საბოლოო მსჯელობა. იმედი გვაქვს, რომ პროპორციული სისტემა მხარდაჭერილი იქნება. კონცენტრირებული არ ვართ ჩავარდნაზე, კონცენტრირებული ვართ მუშაობაზე, რომ არ ჩავარდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.