ირაკლი კობახიძე - კელი დეგნანისგან ველოდი მკაფიო პასუხს, უნდა ეთქვა, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა თუ არა შეხვედრა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ
ირაკლი კობახიძე - კელი დეგნანისგან ველოდი მკაფიო პასუხს, უნდა ეთქვა, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა თუ არა შეხვედრა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისგან ველოდი მკაფიო პასუხს, უნდა ეთქვა, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა თუ არა შეხვედრა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რა იცის ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ეს კითხვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა და ამ შემთხვევაშიც მკაფიო პასუხს ელოდებოდა.

„არ ვიცი, ეს კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „როდესაც გარკვეული კითხვები ისმება საჯაროდ და თუ ეს კითხვები საზოგადოებისთვისაც საინტერესოა, კარგი იქნება, რომ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი იყოს გაცემული“.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ განაცხადა: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

მოგვიანებით, ყაველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას არ იცნობდა და კომენტარს ვერ გააკეთებდა.