ირაკლი კობახიძე - თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის, ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას, გააკეთა კონკრეტულმა ელჩმა, ის უკვე პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა
ირაკლი კობახიძე - თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის, ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას, გააკეთა კონკრეტულმა ელჩმა, ის უკვე პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა

იყო ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის, ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას, ეს განცხადება კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კელი დეგნანი პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ სურს.

„ეს ადამიანი უკვე პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა. შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის და გინების წახალისება. ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი, მაგალითად, ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას. ეს განცხადება კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა და აღარ მინდა, შევიდე დებატებში. მით უმეტეს, არ მინდა, შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, საქართველოში აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც კობახიძემ აღნიშნა: „გამოდიოდნენ რუსთაველზე, დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან კი ეს შეფასდა გამოხატვის თავისუფლებად“. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, დეგნანმა აღნიშნა: „მეტი კონკრეტიკა თუ არ იქნება, ეს უფრო ჭორია და კონსპირაციის თეორია, რომელიც აბნევს საზოგადოებას. პოლიტიკოსმა თუ საზოგადოების წარმომადგენელმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ძალადობა მიუღებელია, ვინც დამნაშავეა, სამართლის წინაშე წარდგეს“.