ირაკლი კობახიძე - გამოდიოდნენ რუსთაველზე, დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან კი ეს შეფასდა გამოხატვის თავისუფლებად
ირაკლი კობახიძე - გამოდიოდნენ რუსთაველზე, დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან კი ეს შეფასდა გამოხატვის თავისუფლებად

ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი.

„რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. შეგახსენებთ, მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო ამ ძალადობის წახალისება. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იმავე ადამიანებმა. აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

„არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ანუ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ეს შეიძლება, გითხრას ელჩმა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, კონკრეტულმა „ენჯეომ“, მაგრამ ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს უნდა შეიგნოს აბსოლუტურად ყველამ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის რეალობა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.