ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძის განცხადება არა მარტო შეურაცხმყოფელია, ეს იყო უზრდელობა, საკუთარ ლიდერს არც მანჯგალაძე და ჩიხლაძე ჩამორჩებიან
ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძის განცხადება არა მარტო შეურაცხმყოფელია, ეს იყო უზრდელობა, საკუთარ ლიდერს არც მანჯგალაძე და ჩიხლაძე ჩამორჩებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებები შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, ასეთი განცხადებები ქვეყნისთვის კონტრპროდუქტიულია.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, იკვეთება „სტრატეგია აღმაშენებლის“ განზრახვა, რომ  როგორმე ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას და პროცესს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესს.

„არა მარტო შეურაცხმყოფელია. ბუნებრივია, ისინი ვერავის ვერ მიაყენებენ შეურაცხყოფას, პირდაპირ რომ დავარქვათ სახელი, ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე და ჩიხლაძე. საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს არის კონტრპროდუქტიული ქვეყნისთვის. მათ შორის 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას და ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის შეფასებისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ორი დღის წინ განაცხადა: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.

ვაშაძემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა: „თითო კაცი მივა თუ არა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, არ ვიცი, მაგრამ ვინც „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება, რომ მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაათრიოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია“.