ირაკლი კობახიძე  - გამორიცხული არ არის, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს
ირაკლი კობახიძე  - გამორიცხული არ არის, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, რითაც გადაწყვეტილებას უმრავლესობის უმრავლესობა იღებს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, კანონპროექტი სამივე მოსმენით საშემოდგომო სესიამდე უნდა მიიღონ.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი ფართო შეხვედრა გვქონდა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ყველა საკითხი განვიხილეთ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოპოლიტიკასთან. მოცემულობა გვქონდა, როდესაც მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა. კონკრეტიკისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან გარკვეული საკითხების დაკონკრეტება ხელს შეუშლის მომავალში გარკვეული პოზიციების  დაახლოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, პრინციპები იგივე რჩება – ჰუმანური მიდგომა მომხმარებლის, ხოლო მკაცრი პოლიტიკა ნარკორეალიზაციის მიმართ.

„პრინციპია, რომ ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებლის მიმართ. რაც შეეხება ნარკოტიკების რეალიზაციას, ა მიმართულებით პოლიტიკა მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული. მიდგომაა ის, რომ რეგლამენტაცია უნდა მოხდეს იმ საკითხების, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან და გასაღებასთან“, – აცხადებს კობახიძე.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები რჩება.

„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში პოზიციების მთლიანად დაახლოება მოხერხდება. გამორიცხული არ არის ისიც, რომ კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, როცა გადაწყვეტილებას უმრავლესობის უმრავლესობა იღებს. იმედს გამოვთქვამ, პოზიციები თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად დაახლოვდება. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს სამომავლოდ კონსულტაციებს არ წაადგება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

„მიღებული გადაწყვეტილება განსხვავებული იქნება მთელ რიგ საკითხებში ინიცირებული კანონპროექტისგან. ჩვენთვის მთავარი პოზიციების დაახლოება იყო. საუბარი პოზიციების შეჯერებაზეა“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა. სხდომაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.