ირაკლი კობახიძე – „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აქედან გამომდინარე, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც

12:03, 17.09.2026

„გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ ჰქონდათ დრო, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება.

„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც. ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ჩვენი სურვილია, ცხრა თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი