ირაკლი კობახიძე - ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომელიც დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“
ირაკლი კობახიძე - ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომელიც დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“

ოპოზიციამ მიიღო რეფერენდუმი და ძალიან მძიმე პასუხი მიიღეს ქართული საზოგადოებისგან, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართულმა საზოგადოებამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ხელისუფლებაში არ არის.

„ეს იყო რეფერენდუმი, რომელიც დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ გვაქვს შემდეგი სამი წელი მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და მათ შორის იმისთვის, რომ თვისობრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი, რომლებიც მუდმივად ნებისმიერი ლეგიტიმური არჩევნების შემდეგ ეჭვქვეშ აყენებენ ყველაფერს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, სისტემას და ასე შემდეგ, მუდმივ რეჟიმში, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით ასევე სხვა პირობებშიც, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი არჩევნებიდან უკვე და მანამდეც „ნაცმოძრაობამ“ საერთოდ დაკარგოს აქტუალობა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დღეს მანდატი მიიღო ადგილობრივმა თვითმმართველობამ შემდეგი ოთხი წლისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ მანდატს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორად განავითარონ თითოეული თვითმმართველი ერთეული, თითოეული მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება საერთო მოცემულობას, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, მანამდე ჩვენ გვაქვს სამწლიანი პერიოდი პოლარიზებული არჩევნების გარეშე. ჩვენ ამ პერიოდს გამოვიყენებთ ერთი იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვავივითაროთ ჩვენი დემოკრატიული სისტემა, ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტები უნდა ჩანაცვლდნენ ჯანსაღი პოლიტიკური სუბიექტებით და ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის საფუძველზე. ამასთან ერთად, ჩვენ ეს სამი წელი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება უზრუნველვყოთ, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება უზრუნველყოთ, მეტად წავწიოთ ქვეყანა წინ დასავლური სტრუქტურებისკენ და ა.შ. ამისთვის გვაქვს შესანიშნავი დრო, უნიკალური პერიოდი და ამ სამ წელს და ოთხ წელს აუცილებლად სათანადოდ გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.