ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები აუცილებელია
ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები აუცილებელია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის ვეტოში და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა, – ამის შესახებ ლატვიაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადების შესახებ პირველ არხთან კომენტარისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და, რა თქმა უნდა, პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის ვეტოს.

„ამის საფუძველზე მიიღება კონსტიტუციის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს ძალიან დიდი დაფინანსება – დაახლოებით 50 მილიონი და მეტი, რეიტინგი კი არის საკმაოდ დაბალი. 

რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა. სხვა ზომების გარდა, სწორედ ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების მიღება. თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო რა თქმა უნდა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაცია. ასევე სხვა საკითხები , რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.