ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში

პარტიაში ცვლილებებისა და რეფორმების ახალი ტალღაა საჭირო, რათა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით,  სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი თავმჯდომარის რანგში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პარტიულ ცხოვრებაში.

„პარტიის გაძლიერებას მათ შორის შესაბამისი დრო სჭირდება და ამისთვის საჭირო დრო ბუნებრივია, სამწუხაროდ, ნაკლებად აქვს პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. თუმცა ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. თქვენს მოსაზრებებს ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. არის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენს პარტიაში წარიმართება. ჩვენი ამოცანა პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა. „ქართული ოცნების“ გაძლიერება ზოგადად, პარტიული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროცესებს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თავმჯდომარის გარდა სხვა თანამდებობებს პარტიაში, კობახიძის თქმით, ყველაფერი შესაბამის პროცედურებზეა დამოკიდებული, წესდების მიხედვითაა განსაზღვრული და საკითხები წესდების თანახმად გადაწყდება.

კითხვას პარტიაში მის თანამდებობასთან დაკავშირებით,  კობახიძე პასუხობს, რომ თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ეს პოლიტსაბჭოს, ახალი თავმჯდომარის და გენერალური მდივნის გადასაწყვეტია. მისი განმარტებით, პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრთა კანდიდატურებს მოქმედი პოლიტსაბჭო წარადგენს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია.

„ის საქართველოში უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მას საკვანძო როლი ექნება პროცესებში, რომელიც პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შექმნილ ვითარებას არ უკავშირდება და უმრავლესობის შიგნით კონსულტაციები გაგრძელდება. ფორმატი კი, ახლო მომავალში გაირკვევა.

„რაც შეეხება უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს, ამას პარტიაში ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა არ ესაჭიროებოდა. ბევრად მარტივად შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა. ამ მცირე პრობლემებს, რომელიც უმრავლესობაში იყო,  ნამდვილად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.  ივანიშვილის გადაწყვეტილება ეფუძნება მის სურვილს, რომ პარტიის განვითარების პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

დღეს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდება, როგორც პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.