ირაკლი კობახიძე – ათი წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა
მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს საკუთარი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, გუნდის წინაშე დამსახურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ათი წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებაზე.
„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ათი წლის განმავლობაში ის უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. გუშინ გვქონდა შეხვედრა, ასევე დღეს, მათ შორის, გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც გაკეთებული აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.