ირაკლი კობახიძე - აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც მიკერძოებაზე მიანიშნებს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც მიკერძოებაზე მიანიშნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ აღამასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაა და ეს ოპონენტებმაც კარგად იციან.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სწორად განვითარდეს. ირაკლი კობახიძემ იმ ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია გამოკვეთილი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება. აქ  არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი -ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მაღალ  შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ოპონენტებმა არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც.

„არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც ეს განცხადება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არის აშკარა მიკერძოება. განცხადება მარტივად  ითარგმნება და მარტივად განიმარტება. მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. ორი ძირითადი საკითხია გამოყოფილი. პირველი – სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ხედავთ, რომ ამაზეა აქცენტი გაკეთებული“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ დეპარტამენტის განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურაზე ან პოლიტიკურ სასამართლოზე საუბარი არ არის.

„როცა ვამბობდი, რომ არასწორად ითარგმნება, სწორედ ეს არის არასწორი თარგმანი. პოლიტიკურ პროკურატურზე, არც პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა, რათა არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება  პროკურატურის ან სასამართლოსი. წერია, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ არ იყოს მიკერძოებული არც პროკურატურა, არც სასამართლო. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე,

მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლაით ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, კარგად იციან, რომ ეს განცხადება რეალურად არის მხარდამჭერი განცხადება. რაც შეეხება ძალისხმევის გაძლიერებას, რაზეც არის საუბარი სასამართლოსთან, პროკურატურასთან მიმართებით, ამაზე ვსაუბრობთ მთელი პერიოდია, ამისთვის განხორციელდა მათ შორის მეოთხე ტალღა და მეოთხე ტალღას სჭირდება განხორციელება პრაქტიკის დონეზე“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.