ირაკლი კობახიძე - ანა დოლიძე მუდმივად არის ჩართული პოლიტიკურ დისკუსიაში, არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს
ირაკლი კობახიძე - ანა დოლიძე მუდმივად არის ჩართული პოლიტიკურ დისკუსიაში, არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს, რისკის შემცველს უწოდებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს წევრის გაწვევა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას.

არაჯეროვანი შესრულება განმარტებულია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში. მაგალითად, ანა დოლიძე შეუძლია, ხვალვე გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა და მოვალეც არის, რომ გამოიწვიოს, რადგან მუდმივად არღვევს სტანდარტებს, რაც არის დადგენილი სასამართლო ხელისუფლებისთვის. ის პირდაპირი ფორმით არის ჩართული პოლიტიკურ დებატებში და არა მარტო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას. იმიტომ წერია კანონში, რომ არაჯეროვანი შესრულება არის მხოლოდ გამოწვევის საფუძველი, რომ თვითნებურად არ მოიქცეს პარლამენტი ან პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არის ჩართული პოლიტიკურ დისკუსიაში, შეურაცხყოფას აყენებს მათ შორის პარლამენტს, პარლამენტის წევრებს, ზოგადად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი, რადგან ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება უფლებამოსილების. არის ორი ტერმინი გამოყენებული კანონმდებლობაში, აქაც და სხვა ნაწილშიც, ეს არის შეუსრულებლობა და ეს არის არაჯეროვანი შესრულება. შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ საერთოდ არ დადიხარ სამსახურში, არაჯეროვანი შესრულება ნიშნავს, რომ ამას აკეთებ ზედმეტად იშვიათად“, – განაცხადა კობახიძემ.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.  „ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არსებობს კითხვები „ქართული ოცნების“ მიმართ, რატომ დაიმსახურეს გზირიშვილმა, ხარებავამ და ქადაგიძემ იუსტიციის საბჭოში არჩევისას პარლამენტში ხმების დიდი რაოდენობა.

დატოვე კომენტარი