ანა დოლიძე - არსებობს კითხვები „ქართული ოცნების“ მიმართ, რატომ დაიმსახურეს გზირიშვილმა, ხარებავამ და ქადაგიძემ პარლამენტში ხმების დიდი რაოდენობა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ იქნებოდა ის სრული თვითნებობა, რა თვითნებობაც დღესაა, რომ არ ჰყავდეს მდუმარე თანხმობის მიმცემი, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე ხელს მდუმარედ აწერენ, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, დადგენილების პროექტს, რომელიც პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა და რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, აუცილებელია, აღნიშნულმა წევრებმა საზოგადოებას გასცენ პასუხი, თუ ვინ არიან და რატომ აწერენ ხელს საბჭოს მოსამართლე წევრების გადაწყვეტილებებს მდუმარედ. ანა დოლიძის თქმით, არსებობს კითხვები პარტია „ქართული ოცნების“ მიმართაც, თუ რატომ დაიმსახურეს ამ წევრებმა პარლამენტში არჩევისას ხმების ასეთი დიდი რაოდენობა.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია პარლამენტის მიერ ძალიან მაღალი ხმებით საბჭოში დანიშნული სამი არამოსამართლე წევრის შესახებ. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ ეს სამი წევრი დანიშნა საბჭოში ძალიან მაღალი ნდობით, მაღალი ხმების რაოდენობით, ამიტომ საჭიროა, პარლამენტში და ხალხში დაიწყოს დისკუსია, ვინ არის ეს ხალხი, რომელიც დუმს და მდუმარედ ასრულებს მოსამართლეების დღის წესრიგს საბჭოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით, რომ არა აღნიშნული წევრები, საბჭოს არ ეყოლებოდა სასურველ ინიციატივებზე ამდენი მხარდამჭერი.
„ვინ ლობირებდა მათ, რომ თავის დროზე მიიღეს ასეთი ხმები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამაზე საზოგადოებრივი დისკუსია არის მნიშვნელოვანი და ეს ინიციატივაც ზუსტად იძლევა ამის საშუალებას. დღევანდელ შემადგენლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ექნებოდა ის სრული თვითნებობა, რა თვითნებობაც დღეს აქვს, რომ არ ჰყავდეს მდუმარე თანხმობის მიმცემი, რომლებიც მდუმარედ უწერენ მათ გადაწყვეტილებებზე ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ არჩეულმა ორგანომ დანიშნა ისინი, არც ერთხელ არ აუხსნიათ თავისი პოზიცია, რატომ უწყობენ ამ წესრიგს ხელს. მე მზად ვარ, დისკუსიაში დავჯდე, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.
„ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს.