ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება
ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას თუ მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“კვირა დღეს აბსოლუტური ფორმით აღდგება მორატორიუმი გამომდინარე კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან, რომელიც ძალაში შევა სწორედ ინაუგურაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დამატებით ამ საკითხის განხილვის საჭიროებას ვერ ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, ამ საკითხის თაობაზე საზოგადოებას თუ მივაწვდით სწორ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ კვირა დღიდან მორატორიუმი აღდგება აბსოლუტური ფორმით, თუ ეს ეცოდინება საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში სასწრაფოდ უნდა შევიდეს მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმების საკითხი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი