ირაკლი კობახიძე - 7 ნოემბრისა და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია, ეს თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლების მცდელობაა
ირაკლი კობახიძე - 7 ნოემბრისა და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია, ეს თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლების მცდელობაა

7 ნოემბრისა და 20 ივნისის შედარება ერთმანეთთან არის პრინციპულად არასწორი, ეს იმ დანაშაულის გამართლების მცდელობაა, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

„7 ნოემბერი გარდა ყველაფრისა, გარდა იმისა, რომ ეს იყო რეალურად ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება, ეს იყო თავისუფალი მედიის მიტაცების გამოხატულება და როცა ამას ადარებ 20 ივნისს, ეს არის პრინციპულად არასწორი. ერთადერთი, რითაც შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას. თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში – 20 ივნისს, ორივე შემთხვევაში ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა. პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთხვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს, ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.