ირაკლი კირცხალია – სააკაშვილმა პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, თავის დროზე, სამაჩაბლოს ქვების გროვა უწოდა, დღეს კი გვიცხადებს, თურმე სულ რაღაც რამდენიმე სოფელზე იყო საუბარი

19:09, 28.09.2026

სააკაშვილის და მისი ე.წ. პარტიის პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამას არაერთი წელია, ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კირცხალიას თქმით, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ჩანს, სააკაშვილი რა დესტრუქციას ემსახურება. ირაკლი კირცხალიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ იმუქრება რევანშითა და სისხლისღვრით.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ სახეს, რას წარმოადგენენ ისინი ამდენი წლის შემდეგაც. მუქარა, მკვლელობა, სისხლი, დაჩაგვრა, წართმევა, სიცოცხლის განადგურება, ბიზნესის განადგურება – ეს არის მათი სახე, რასაც ვამბობდით. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბელადი და სულიერი მამა, ბატონი სააკაშვილის სახით, ამას ვერ მალავს, ვერ მალავდა, ახორციელებდა ამ ყველაფერს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ვხედავთ, რა დესტრუქციას ემსახურება ეს აგენტურა, რა დავალების შემსრულებლები არიან.

გვაქვს საუბარი ადამიანზე, სახელ და გვარზე, რომელმაც თავისი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო უცხო ქვეყანაში თანამდებობის დასაკავებლად. საუბარი გვაქვს სახელ და გვარზე, რომელმაც უკრაინული, უცხო ქვეყნის ჰიმნი შეასრულა ზედმიწევნით, კორექტულად და საქართველოს ჰიმნს ვერ მღერის. ესეც არახალია, თავისი პრეზიდენტობის დროსაც ბევრი ლექსის, თუ ციტირების დროს მოსდიოდა შეცდომა, რადგან ის არ არის ქართველი და უსამშობლო ყველაზე სწორად ჰქვია მას. ვხედავთ ადამიანს, სახელ და გვარს, რომელიც არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, სისხლისღვრით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე, ეს უტიფარი გამოდიოდა და ამბობდა სამაჩაბლოზე, თურმე ეს ყოფილა რამდენიმე სოფელი და ქვების გროვა, დღეს გვიცხადებს, თურმე სულ რაღაც რამდენიმე სოფელზე იყო საუბარი. დღეს უტიფრად გამოდიან და ჩვენს მართლა გმირებზე აპელირებენ, როგორ ბედავენ საერთოდ ამას, როცა აგენტურული დავალების შესრულებას, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე უყურებდნენ. რატომ გვიკვირს, ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც ამ ღალატის შემდეგ ყველგან რუსული საქმე აკეთეს. მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები, დანარჩენი ყველგან რუსული საქმე აკეთეს. ღალატი გააგრძელეს ევროსაბჭოში. იქაც რუსული საქმე აკეთეს. ხელი მოაწერეს რეზოლუციას, დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც პირდაპირ ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, იმ გმირებს.

სადაც კი რაიმე ნაბიჯი გადაიდგმევა ან პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი და-ძმების მიმართ აფხაზეთში, თუ სამაჩაბლოში, ეს ის ხალხია, რომელიც გამოდის, ისევ და ისევ ზიზღის ენას და სიძულვილს თესავს. ეს ის ხალხია, რომელიც ყურმოჭრილად ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის მტრებს, თავის დროზე შეფუთული დემოკრატიის მანტიით. ამ ხალხის ლიდერი დღეს კიდევ ერთხელ სასამართლოს შენობიდან და პროცესიდან ემუქრება ჩვენს ქვეყანას. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გასცემს საკადრის პასუხს როგორც მათ, ასევე მათ პატრონებს – მათ, როგორც ქვეყნის მოძულეებს და მათ პატრონებს, როგორც მსურველებს, ჩვენი ქვეყანა აქციონ პროქსი სახელმწიფოდ, აქციონ მოწყვლადად, რომ შემდეგ თავიანთი გადმოსახედიდან მარტივი იყოს ჩვენი ქვეყნის მართვა. ნურას უკაცრავად, ამას ვერასდროს ეღირსებიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო“. სააკაშვილის თქმით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“. „რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე სოფლის დასაპყრობად, არამედ სახელმწიფოს დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად, მაგრამ მწარედ დამარცხდა. სწორედ ომის შემდეგ დავადექით ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მიმართა „ქართულ ოცნებას“: „მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ“. სააკაშვილის განცხადებით, „დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია“.

მსგავსი