მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ომის შემდეგ დაადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს
ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“.
„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა გესხმის, მთელ თავის ჯარს გაყრის, მთელ თავის ბომბებს გაყრის თავზე და ბოლოს იფარგლება ძალიან მცირე ტერიტორიების კონტროლით – ძირითადი ნაწილი ისედაც მანამდე ჰქონდა მიტაცებული – და ისევ საქართველო ვითარდება, ისევ წარმატებულია, ისევ ხელის გულზე დაჰყავს მსოფლიოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.